ესპანეთის მეორე რევოლუცია
ესპანეთის მეორე რევოლუცია — ესპანეთში XIX საუკუნეში მომხდარი ხუთი დაუმთავრებელი რევოლუციიდან მეორე. მიმდინარეობდა 1820-1823 წწ. ამ რევოლუციის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა არმია, რომელმაც 1808-1813 წწ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომის გავლენა განიცადა. რევოლუცია დაიწყო 1820 წლის იანვარში, სამხედრო გამოსვლით კადისში რაფაელ რიეგო-ი-ნუნიესის მეთაურობით, რასაც მოჰყვა აჯანყება მთელს ქვეყანაში. 1820 წლის 9 მარტს მეფე ფერდინანდ VII იძულებული გახდა აღედგინა 1812 წლის კონსტიტუცია, მარტ-აპრილში შეიქმნა კონსტიტუციური მთავრობა, რომელშიც შევიდნენ პირველი რევოლუციის ყოფილი მოღვაწეები - მოდერადოსის (ზომიერები) პარტიის წარმომადგენლები (ხელისუფლების სათავეში იყვნენ 1822 წლის აგვისტომდე).
1820 წლის დეკრეტით გაუქმდა მაიორატები, დაიხურა მონასტრების ნაწილი და მათი მიწები ნაციონალიზებულ იქნა. შემცირდა გადასახადები იმპორტულ მანქანებზე, გააძევეს იეზუიტები, დაარსდა ეროვნული მილიცია და აღდგენილ იქნა წინა რევოლუციის დროინდელი ადმინისტრაციული რეფორმები.
ექსალტადოსის (მემარცხენე ლიბერალები) პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ ღონისძიებების გატარებას გლეხთა ფართო ფენების სასარგებლოდ. 1821, 1822 და 1823 წწ. კორტესმა განიხილა ექსალტადოსის პარტიის მიერ შეტანილი კანონპროექტი სენიორული მიწის დიდი ნაწილის გლეხებისათვის გადაცემის შესახებ. მეფემ ორჯერ დაადო მას ვეტო, როდესაც 1823 წელს იგი ძალაში შევიდა უკვე გვიანი იყო: საღვთო ალიანსის გადაწყვეტილებით ესპანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულ იქნა ფრანგ ინტერვენტთა მიერ. აგრარული რეფორმა განუხორციელებელი დარჩა, რამაც ჩამოაშორა რევოლუციას გლეხთა ფენები.
1821 წლის შემოდგომასა და ზამთარში ქვეყანაში გამწვავდა კლასობრივი ბრძოლა, საღვთო ალიანსის მხარდაჭერით გამოცოცხლდა კონტრრევოლუცია. ფელიუს მთავრობამ (1821 წლის მარტი-დეკემბერი) გააძლიერა პროვოკაციები რევოლუციონერთა მიმართ. ასეთ პირობებში გამოსვლებმა ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო. 1822 წლის აგვისტოში ხელისუფლება მემარჯვენე ექსალტადოს-მასონთა (ე. სან-მიგელის მთავრობა) ხელში გადავიდა. მათ არ მიიღეს გადამწყვეტი ზომები კონტრევოლუციონერთა წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია ანტისამთავრობო 1822 წლის შემოდგომაზე გამოსვლების გაძლიერება კომუნეროსთა (მემარცხენეები) მიერ. მთავრობა გააძლიერა კომუნეროსთა რეპრესია, პარალელურად ებრძოდა ულტრაროიალისტებს, რომლებმაც წამოიწყეს აჯანყებები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში.
ამ ვითარებაში საღვთო კავშირმა დაიწყო აშკარა ინტერვენცია. 1823 წლის 7 აპრილს საფრანგეთის არმია ესპანეთში შეიჭრა, მთავრობამ ვერ შეძლო თავდაცვის ორგანიზება, ხოლო მოსახლეობის დაბალმა ფენებმა არ გაუწია აქტიური წინააღმდეგობა ინტერვენციას. 1823 წლის 30 სექტემბერს კონსტიტუციურმა მთავრობამ, რომელიც ჯერ სევილიაში გადავიდა, ხოლო შემდეგ კადისში, კაპიტულაცია გამოაცხადა. 1823 წლის 1 ოქტომბერს მეფე ფერდინანდ VII აღადგინა აბსოლუტისტური რეჟიმი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესპანეთის პირველი რევოლუცია
- ესპანეთის მესამე რევოლუცია
- ესპანეთის მეოთხე რევოლუცია
- ესპანეთის მეხუთე რევოლუცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 230.